თბილისში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისში" განუცხადეს. მათივე განმარტებით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა და ამ დროისთვის ზუსტდება, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას თუ ადამიანების გარდაცვალება C0-თი ინტოქსიკაციამ გამოიწვია.
"7 ადამიანი ნაქირავებ ბინაშია გარდაცვლილი" - ამის შესახებ ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით გარდაცვლილების იდენტიფიცირება არ მომხდარა."ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, ბინა იყო ნაქირავები. გარდაცვლილია 7 ახალგაზრდა, 7-ვე მამაკაცი. ჯერჯერობით არ მომხდარა მათი იდენტიფიცირება, ასევე მოქალაქეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. სავარაუდო მიზეზე ვერაფერს გეტყვით, ამაზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. ასეთ დროს ყველა ამბობს, რომ CO-თი მოხდა გარდაცვალება, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას" - განაცხადა ლაბუჩიძემ.