საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები იმყოფებიან საქართველოს თანხმობის გარეშე, ასე რომ ეს არის ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშიმ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემის“ ეთერში განაცხადა.„თქვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ სიტყვას „ოკუპაციას“ და მე, რა თქმა უნდა, ეს მესმის. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები იმყოფებიან საქართველოს თანხმობის გარეშე, ასე რომ, ეს არის ოკუპაცია. თუმცა, ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა და მთლიანი კონფლიქტი მხოლოდ ერთი სიტყვით არ უნდა აღვწეროთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კონფლიქტი აფხაზებს, ქართველებსა და სამხრეთ ოსებს შორის წარმოიშვა ადრეულ 90-იან წლებში და რომ კონფლიქტი წარმოიშვა პოლიტიკური ცვლილებების პერიოდში და მგონია, რომ შეცდომები, სამწუხარო შეცდომები ორივე მხარემ დაუშვა. ასე რომ, ეს არის გრძელი ისტორია და ამ კონფლიქტს აქვს ბევრი ფენა. არის ადგილობრივი ფენა - ქართველები, აფხაზები, სამხრეთ ოსები, სხვა ეროვნების წარმომადგენლები; არის რუსეთის კონფლიქტის ფენა საქართველოს წინააღმდეგ და ბოლოს, არის რუსეთსა და დასავლეთს შორის განახლებული და უფრო ძლიერი კონფლიქტის გეოპოლიტიკური ფენა, რომლის დაწყებაც რუსეთის მმართველობამ გადაწყვიტა და ნაბიჯ-ნაბიჯ სხვადასხვა კონფლიქტები წამოსწია. ეს არის რთული კონფლიქტები, სადაც ყველა ჩვენგანის ჩართულობა და დიპლომატია არის საჭირო, რათა ეს კონფლიქტები მოგვარდეს. როგორც დიპლომატს, მე მჯერა, რომ კონფლიქტები შეიძლება მოგვარდეს დროთა განმავლობაში“, - აღნიშნა ელჩმა.
იხილეთ:
იზრდება თუ არა გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის რიცხვი? - გერმანიის ელჩის პასუხი