მართალია, "წითელი კჰმერების" დიქტატურა მხოლოდ რამდენიმე წელს გაგრძელდა კამბოჯაში, მაგრამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საკუთარი ლიდერი პოლ პოტი კი, 1970-იანი წლების ყველაზე სასტიკ დიქტატორად აქცია და "აზიელი ჰიტლერის" სახელით დაუმკვიდრა ისტორიაში ადგილი.
მომავალი დიქტატორის ბავშვობაზე ცოტა რამაა ცნობილი, რადგან თავად არ სურდა წარსულის გახსენება. მწირი ინფორმაციის თანახმად, მომავალი დიქტატორი 1925 წლის 19 მაისს დაიბადა სოფელ პრეკსბაუვში, მერვე პირმშოდ იქცა ადგილობრივი გლეხის მრავალშვილიან ოჯახში, სახელად კი, სალოტ სარი მიიღო. მართალია, სალოტ პეკი ჩვეულებრივი გლეხი იყო, მაგრამ გაჭირვება არასდროს უგრძვნია, რადგან უფროსი ვაჟი მეფის კარზე მსახურობდა, ქალიშვილი კი, სამეფო საბალეტო დასში ცეკვავდა. თავად სალოტ სარი ცხრა წლის იყო, როცა პნომპენში გაამგზავრეს ნათესავებთან, სადაც ჯერ ბუდისტურ მონასტერში სწავლობდა, მერე კი, კათოლიკურ სკოლაში ჩააბარა, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა პნომპენის ტექნიკურ სკოლაში გააგრძელა.