აფრიკაში რამდენიმე გიგანტური ბაობაბი მოულოდნელად გახმა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ხეები, რომელთა ასაკიც 1 100 და 2 500 წელს ითვლის, შესაძლოა, კლიმატის ცვლილების გამო გახმა. გამხმარი 9 ხიდან 4 უძველესი აფრიკული ბაობაბი იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბაობაბების გახმობა, შესაძლოა სამხრეთ აფრიკაში კლიმატის ცვლილებებს უკავშირდებოდეს, სწორედ ამიტომ, მათი თქმით, მომავალში ამ კუთხით უფრო სიღრმისეული კვლევაა საჭირო.2015-2017 წლებში,მკვლევარებმა გამოიკვლიეს და შეისწავლეს ყველა "პოტენციურად ასაკიანი" აფრიკული ბაობაბის ხე, რომელთა რიცხვიც 60-მდეა. მათ შეაგროვეს მონაცემები ამ ხეების ზრდის, სიმაღლის, გარშემოწერილობის და ასაკის შესახებ. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ყველაზე ძველი ხეები შესწავლის პერიოდში გახმა. ისინი სამხრეთ აფრიკის შემდეგ ქვეყნებში, ზიმბაბვეში, ნამიბიაში, ბოტსვანასა და ზამბიაში იზრდებოდნენ.
ბაობაბს შეუძლია, 3 000 წელი იცოცხლოს. ეს ხე არის წყლის შესანახი დიდი რეზერვუარი, რომელსაც ადამიანებისა და ცხოველების საკუთარი ხილით გამოკვებაც შეუძლია. მის ფოთლებს ისპანახის მსგავსად ხარშავენ და მიირთმევენ. ასევე აღნიშნული ფოთლები გამოიყენება ტრადიციული მედიკამენტების, ტანსაცმლის ან წყალგამძლე ქუდების დასამზადებლად.