ტესლა" თანამშრომლების 9%-ს სამსახურიდან ათავისუფლებს. "ტესლას" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ ფიქსირებული ხელფასის მქონე თანამშრომლებს შეეხებათ. მისივე განმარტებით, კომპანიაში მიმდინარე პროცესები გავლენას არ იქონიებს Model 3-ის წარმოებაზე. Model 3-ის წარმოება დროებით გასული წლის შემოდგომაზე შეწყდა, რის გამოც აქციონერებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიამ აღნიშნული მოდელის წარმოება განაახლა. მასკის განმარტებით, თანამშრომლების შემცირება რესტრუქტურიზაციის ნაწილია და აქვე აღნიშნა, რომ თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლებამ წესით ხარჯები უნდა შეამციროს და კომპანია მომგებიანი გახადოს. რეორგანიზაციის ფარგლებში "ტესლა" Home Depot-თან თავისი მზის პანელების გაყიდვაზე არსებულ შეთანხმებას წყვეტს. "ტესლას" თანამშრომლებს, რომლებიც Home Depot-თვის მუშაობდნენ, შესაძლებლობა ექნებათ, სამუშაოდ "ტესლას" მაღაზიებში გადაინაცვლონ. "დამშვიდობება ძალიან რთულია, თუმცა თანამშრომლები, რომლებიც შემცირებაში მოჰყვებიან, კომპენსაციის სახით გარკვეულ თანხას მიიღებენ იმ დროის პროპორციულად, რაც მათ კომპანიაში გაატარეს",- აღნიშნა ილონ მასკმა.