თბილისის მერიამ მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე თავიდან გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 90 ავტობუსის შესყიდვას 45 მილიონ ლარად გეგმავს.
სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის. ამასთან, ავტობუსების გამოშვების თარიღი უნდა იყოს არანაკლებ 2018 წელი.
ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემით, რომლის გამოსახულების გამოტანაც მძღოლთან არსებულ მონიტორზე უნდა ხდებოდეს. ერთი კამერა მიმართული უნდა იყოს წინ, გზისკენ, ხოლო მეორე - მძღოლისკენ, დანარჩენი კამერები კი ავტობუსის მთლიანი შიდა სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. ამასთან, ავტობუსს უნდა გააჩნდეს გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალებაც.