„მათ არ ესმით, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული, არც პრორუსულთან და არც – პროდასავლურთან. გადაცემები კი იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს“- ამ განცხადებას საპატრიარქო ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით აკეთებს. ის სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. ასევე მივმართავს საქართველოში მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციებს და უცხოელ დონორებს, რომლებიც დასავლური ღირებულებების ჩვენს ქვეყანაში გავრცელებას უწყობენ ხელს, – დაანახონ საზოგადოებას, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უგულვებელყოფა. საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებასაც, გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე.“17 მაისის შემდეგ ის ძალები, რომლებიც ეკლესიას კარგა ხანია უპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტული ქმედებების განხორციელებას, რაც ჯერჯერობით ყველაზე მკვეთრად ,,რუსთავი 2”-მა გამოხატა. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქომ წერილობით მიმართა ტელევიზიის ხელმძღვანელს, რეაგირება მოეხდინა სიცრუის ტირაჟირების გამო , რასაც შეიძლება მსოფლიო საპატრიარქოსა და ჩვენს ეკლესიას შორის უსიამოვნება მოჰყოლოდა, სამწუხაროდ, იმავე საღამოს პასუხად მივიღეთ ღვთის მგმობი ახალი გადაცემა. ამ ქმედებების სულისკვეთება ერთია, – ჩვენი ეკლესია წარმოაჩინონ პრორუსულ ძალად.არც ხელისუფლებას აქვს სათანადო კანონები და სტრატეგია შემუშავებული, რაც საერთო დაუცველობისა და უსამართლობის მკვეთრ განცდას ბადებს. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში საჯაროდ შეურაცხყვეს უფალი იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა მარიამი, ამასთან, ვრცელდება ცილისმწამებლური განცხადებები, ჩვენ მაინც მოვუწოდებთ მრევლს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს, რადგან მავანთა სურვილი სწორედ შფოთისა და არეულობის შემოტანაა“- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში