თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოკო შანელი, რომელიც ფრანგებისთვის დღემდე უნაკლო სტილის განსახიერებად რჩება, გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან სწორედ მან შეძლო კომფორტისა და ელეგანტურობის შერწყმით მოდის სამყაროს გადატრიალება და ახალი ტენდენციების დამკვიდრება, რომლებიც დღემდე არ კარგავენ აქტუალურობას.
გაბრიელ შანელი 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა ქალაქ სომიურას თავშესაფარში და იმ ქალბატონის პატივსაცემად მიიღო სახელი, ვინც მის დედას ევგენია ჟანა დევოლს, უბრალო დურგლის ქალიშვილს მშობიარობაში დაეხმარა. ახალშობილის მამა - ალბერტ შანელი ბაზრის რიგითი მოვაჭრე იყო, სიღარიბეში ცხოვრობდა და წრვილშვილის პატრონი მაინც არც გეგმავდა ევგენიაზე დაქორწინებას. დედა გაბრიელს 11 წლის ასაკში გარდაეცვალა და მამისგან მიტოვებული დასთან და ორ ძმასთან ერთად ადგილობრივი მონასტრის ობოლთა თავშესაფარში დაბინავდა, სადაც სრულწლოვანებამდე ცხოვრობდა და მართალია, ადრეულ ასაკშივე გააცნობიერა საკუთარი არასახარბიელო სოციალური სტატუსი, მაგრამ ფუფუნებაში ცხოვრებაზე ოცნებას მაინც ვერ შეელია. რეკომენდაციის წერილი, რომელიც გაბრიელმა მონასტერში მიიღო, მაღაზიაში, თეთრეულის გამყიდველის თანაშემწედ მოწყობაში დაეხმარა, თუმცა ამბიციურ ახალგაზრდას არ აკმაყოფილებდა მოკრძალებული, ნაკლებად პერსპექტიული სამუშაო და ძალა ჯერ კაბარეში მოსინჯა, სადაც მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი, თეატრის სცენაზე გადაინაცვლა, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას ვერსად მიაღწია, სამაგიეროდ რეპერტუარის მთავარი სიმღერების Qui qua vu Coco და Ко Ко Ri Kо წყალობით "კოკოს" ზედმეტსახელი შეიძინა.