საჯარო რეესტრში დანამატები გაიცემა ყოველთვიურად, დასაბუთების გარეშე, რაც დანამატის გაცემის საკმარის გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს და არსებითად თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის შესაბამისობის აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, საკუთარი სახსრების ფარგლებში, 2015-2016 წლებში, სერვისების სააგენტოს მიერ შტატიან და შტატგარეშე მოსამსახურეებზე გაწეულმა შრომის ანაზღაურებამ 34 მილიონ 300 ათასი ლარი, ხოლო საჯარო რეესტრის შემთხვევაში - 49 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, აუდიტის სამსახურის ცნობით, სააგენტოებში, თანამშრომელთა წინასწარ განსაზღვრული, დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობა ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობას აღემატება. შედეგად, არსებული საშტატო რიცხოვნობა და შრომის ანაზღაურების ფონდი ადამიანური რესურსის ფაქტობრივ და საჭირო რაოდენობას არ ასახავს.