თბილისში, ავტობუსის ზოლების სქემას უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის - „მოტ მაკდონალდის“ 5 სპეციალისტი პროექტზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად უკვე მუშაობს. წლის ბოლომდე ისინი აზიის ქალაქების განვითარების ინსტიტუტის დაფინანსებით მოამზადებენ პროექტებს, რომლებიც თბილისში ე.წ. „ბასლეინების“ განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატრანზიტო დერეფნების შერჩევას, პარკირების მართვის სტრატეგიასა და ტაქსების სფეროს რეგულაციებს შეეხება.
უცხოელი ექსპერტების შეთავაზებით, ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლები შესაძლოა მოეწყოს რუსთაველის, მელიქიშვილის, პეკინის გამზირებზე, კოსტავას ქუჩაზე და დიდი დიღმისა და დიღმის მასივის გავლით წერეთლის გამზირზე. მათი მოწყობის შესაძლებლობა, ასევე, განიხილება ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც.