პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განხილვის მთავარი თემა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ რეზოლუცია იქნება.რეზოლუციის პროექტი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის შეთანხმებული ვარიანტია, რომელშიც ასახულია "ევროპული საქართველოს" ინიციატივა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შექმნის შესახებ. პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია".