საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ნატოს არაწევრი, მოკავშირე, ევროპული დემოკრატიების წინაშე დგას. გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის აგრესიული, ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ისაუბრა და ხაზს გაუსვა ამერიკისა და საქართველოს ძლიერი, მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ასევე, საქართველოს მთავარ და წამყვან როლს ევროპული და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.