სამურავი კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარაა, რომელიც მართალია, კვერნასა და წავის, მაჩვის, სკუნსისა (იგივე მყრალას) და ქრცვინის ახლო ნათესავად ითვლება, მაგრამ გარეგნული მახასიათებლებით მნიშვნელოვნად განსხვავდება მათგან. სხვათაშორის, ლათინურიდან თარგმანში ცხოველის სახელი "ღორმუცელას" ნიშნავს, ნორვეგიელები კი, სამურავს "მთის ზვიგენს" უწოდებენ. სამურავი ევრპოპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ცივ რეგიონებში ბინადრობს, კარგად ეგუება მკაცრ კლიმატს და 50-გრადუსიანი ყინვაც არასდროს აშინებს. ძალიან მოსწონს ალპიური მინდვრები და ტუნდრა, დაბურული ტყეები, ტაიგა და ყოველთვის ერიდება ადამიანთან შეხვედრას. ფართოდ გავრცელების მიუხედავად, სამურავი არსად ქმნის მჭიდრო დასახლებას, ამიტომ სურვილის შემთხვევაშიც კი, საკმაოდ რთულია მისი ახლოს გაცნობა.