ბრალდებულ ზაზა ბაქრაძის მონაწილეობით რობაქიძის საქმეზე დღეს პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე სახლმწიფო ბრალდება საკუთარ მტკიცებულებებს გამოიკვლევს და მოწმეებს დაკითხავს. დღევანდელ პროცესზე ასევე შესაძლებელია, ზაზა ბაქრაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაიხედოს, ვინაიდან მისი საქართველოში ჩამოსვლით არსებობს ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც მისი ინტერესების დამცველს უფლება აქვს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.
რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე საქართველოში 28 თებერვალს დაბრუნდა. ბაქრაძე, რომელიც წლებია მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა. მან რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემაში" რობაქიძის საქმეზე მისთვის წარდგენილი ბრალი აღიარა და საქმის გაყალბების დეტალებზე ისაუბრა.