დაჯარიმდებიან ავტობუსები და მიკროავტობუსები, რომლებიც 1-ლი მარტიდან მხოლოდ გაჩერებებზე არ გაჩერდებიან. ამის შესახებ, ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგეგმება. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი ავტორები პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხრიდან განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევაზე 100 ლარიანი ჯარიმა იქნება განსაზღვრული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერების ან დგომის წესის დარღვევისას სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებიც დაჯარიმდება. კერძოდ, ამ დარღვევაზე 50 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ 1-ელი მარტიდან თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსების გაჩერებაზე გააჩერებენ. აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაცია მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსებს შეეხება. ასევე მხოლოდ გაჩერებებზე მოუწევთ გაჩერება რუსთავიდან თბილისში მოძრავ სარეისო მიკროავტობუსებსაც, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით, 300-მდეა.