მრავალშვილიან ოჯახებს სტატუსი მიენიჭებათ და სოციალურ დახმარებას მიიღებენ. აღნიშნული კანონპროექტის ავტორები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია. კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც 4 ბავშვი ჰყავს ყოველთვიურად 20 ლარს, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს მიიღებს.
ამასთან, შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა 300 ათასი ან ნაკლები იქნება. ცნობისთვის, მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი 2006 წელს გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ ძველი წესით სტატუსი 7 და მეტშვილიან ოჯახებს ენიჭებოდა. ახალი კანონმდებლობით კი მრავალშვილიანის სტატუსი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ექნებათ.