ბოლო ერთი თვის განმავლობაში გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობამ 4 ათას 800-ით მოიმატა. კერძოდ, თუ 2018 წლის 20 იანვრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში 234 ათას 958 ჩანაწერი იყო, ახლა ეს რიცხვი 239 ათას 831-ს შეადგენს. შედეგად გამოდის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის 6,4% გადახდისუუნაროა, რაც საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელია. ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში დღეს 3 მილიონ 718 ათას 200 ადამიანი ცხოვრობს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლის მიმართაც 2010 წლის 1-ლი იანვრიდან იძულებითი სააღსრულებლო საქმის წარმოება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ რეესტრში ყველა სახის დავალიანების შესახებ, მათ შორის სამგზავრო ჯარიმებზეც ინახება ინფორმაცია.