თქვენ მიერ შეძენილი უძრავი ქონება შესაძლოა, სხვის საკუთრებაში აღმოჩნდეს. ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი, რა უფლებებით სარგებლობენ, რა პრობლემებს აწყდებიან და როგორ უნდა დაიცვან თავი რისკებისგან - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც მოქალაქეები იურიდიულ კომპანიებს ხშირად მიმართავენ. ადვოკატი ქეთევან ქავთარაძე ამბობს, რომ კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის ახალი მესაკუთრე, თუ ეს ნივთი ძველმა მესაკუთრემ დაკარგა, მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ან’და შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო.
ადვოკატი ბევრ ისეთ შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენს, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით აქვს შეძენილი ქონება, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ შეძენილ ქონებას გარკვეული ნაკლი გააჩნია. კერძოდ კი, ასეთ შემთხვევაში, პროცესში მესამე პირი ერთვება, რომელსაც გარკვეული მოთხოვნები აქვს ძველი მესაკუთრის მიმართ. ხოლო შემძენი, დაუცველი რჩება კანონის წინაშე და საფრთხის ქვეშ დგება მისი, როგორც სრულუფლებიან მესაკუთრედ ყოფნის საკითხი, ასევე ბუნდოვანი ხდება იმ თანხის უკან დაბრუნების საკითხი, რომელიც უძრავი ნივთის სანაცვლოდ გადაიხადა.