გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული გიორგი ჭანტურიას დის განცხადებით, მის ძმაზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და ამ გზით ცდილობდნენ მას ქუთათელაძის მკვლელობა ეღიარებინა. მარიამ ჭანტურია ირწმუნება, რომ ამის გამო დაკითხვისას მისი ძმა შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. თავის მხრივ, გიორგი ჭანტურიას ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას თავად გიორგი ჭანტურიასთან შეხვედრისა და საუბრის შემდეგ გააკეთებს.გიორგი ჭანტურია გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. გამოძიება ადგენს, აქვს თუ არა კავშირი უშუალოდ გენერლის მკვლელობასთან. ჭანტურიას წინასწარი დაკავების 48 - საათიანი ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება.