2017 წელს 5-6 ადამიანზე გათვლილი საახალწლო სუფრის საშუალო ღირებულება 161 ლარი და 60 თეთრია, რაც 2016 წელთან შედარებით 8.1% -ით მეტია. ამის შესახებ, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის საახალწლო სუფრის ინდექსშია აღნიშნული.ISET-ის ინფორმაციით, საახალწლო სუფრის მომზადება, რომელშიც ძირითადი ტრადიციული კერძები შედის, ყველაზე ძვირია იმერეთში და 170 ლარი და 10 თეთრი ჯდება, ხოლო ყველაზე იაფი - 144 ლარი და 10 თეთრი გურიაში. საახალწლო სუფრის ყველაზე ძვირი ინგრედიენტი ნიგოზია, რომლის ფასიც მიმდინარე წელს 1 კილოგრამზე 16ლარი და 50 თეთრიდან იწყება 30 ლარსა და 67 თეთრამდე მერყეობს. ISET-ის საახალწლო სუფრის ინდექსს საქართველოს 10 რეგიონში სტანდარტული საახალწლო სუფრის ხარჯების მიხედვით ითვლის, რომელიც 5-6 სულიან ოჯახზეა გათვლილი. ინდექსში შესულია საახალწლო სუფრის ძირითადი კერძები: ხაჭაპური, მწვადი, საცივი, ოლივიე, შემწვარი ქათამი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი, გოზინაყი, ხილი და სხვა.