პრემიერის მეგობარი მთავრობის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გამოდის. "როგორც ვირთხები, ისე არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე მიმდგრები და სისხლს წოვენ"- ამ სკანდალური განცხადების ავტორი გია გაჩეჩილაძეა, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის კარტერულ შეთანხმებაზე საუბრობს. მან და "სიტროენ ჯორჯიას" ადვოკატებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ამ შეთანხმებებით სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ზარალი ადგება. „უცნობმა“ ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრთან კომუნიკაციაც გაიხსენა. კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატები ამბობენ, რომ კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შევა. „სიტროენ ჯორჯია“ კონკრეტულ კომპანიებს უჩივის, რომლის სათავეშიც, მათი თქმით, ტარიელ ხეჩიკაშვილიც დგას.ამავე საჩივარში მოპასუხე მხარედ სახელმწიფოს უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის არის ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის მიერაც გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერი სასწრაფო დახმარების მანქანებთან დაკავშირებით, სწორედ აღნიშნულ საჩივარში მოხვდა.