"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კოტე იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში წარდგენილ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც იოსელიანმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რთული სათქმელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინული სასამართლო სააკაშვილის მიმართ. "რთული სათქმელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოროშენკო. იგი ზის და ფიქრობს, რა არის მისთვის მომგებიანი, რათა ისედაც ჩამოშლილი სიტუაციიდან რაც შეიძლება რბილად გამოვიდეს. ერთ-ერთი კორუმპირებული სასამართლოა უკრაინაში. კორუფციაშია ჩაფლული ბიუროკრატია და სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის. რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას, ეს ბრალდება ისევე უსაფუძვლო და აბსურდულია, როგორც საქართველოში მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, როდესაც 7 პიჯაკს ედავებიან. უკრაინაში პოროშენკო, როგორც წარმატებული პოლიტიკოსი, დამთავრებულია. ახლა მიდის ნერვების თამაში თუ სადამდე ეყოფა ხალხს იმის მოთმინება, რომ არ მოხდეს ახალი მოედანი", - განაცხადა იოსელიანმა.