რელიგიურ საკითხებზე აფხაზეთში არსებული სიტუაციის დასარეგულირებლად შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს ეკლესიების მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. ამის შესახებ საუბარი პატრიარქსა და რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს შორის საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. უწმინდესმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში არსებული სიტუაცია უახლესმომავალში დარეგულირდება. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ილია მეორეს 4 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქის კირილეს მიწვევა გადასცა. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი თბილისში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.