პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კომპანია "ნეოსტარი" ბეტონის ფილების წარმოებას დაიწყებს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 მილიონ 960 ათას ლარს შეადგენს. "ნეოსტარის" საწარმო 2018 წლის იანვარში გაიხსნება და წლიურად 500 ათასი კვადრატული მეტრი პროდუქციის წარმოებას შეძლებს. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს.
აღნიშნული საწარმო თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. კომპანია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.