თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენის გამგებლის წარმომადგენლის დაკავებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ქვემო ხოდაშენში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამდებობრივი უფლებამოვალეობების შესრულებისას, ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ერთ–ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო". - ნათქვამია განცხადებაში.