სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ქარის გამო გართულებულია, - ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.”სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ფართობს ცეცხლი უკიდია. ხანძარი დაახლოებით 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული. ხანძრის ლოკალიზება გართულებულია ქარის გამო. ადგილზე მობილიზებული არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი სახანძრო, პოლიცია, სამაშველო სამსახური და ელოდებიან ვერტმფრენს. ადგილზე იმყოფება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა”, - ნათქვამია განცხადებაში.ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება.