გია კორკოტაშვილს დაურეკა მერიის ადმინისტრაციის უფროსმა და უთხრა, რომ თბილისის მერიამ გაგვიუქმა 23 ივლისის აქციის სანქცია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართველთა მარშის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ იმ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელსაც ”ქართველთა მარშის” წარმომადგენლები ”ევროპული საქართველოს” აქციის საწინააღმდეგოდ მართავენ.როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, აქციის სანქცია საჭირო არ არის, მთავარია განცხადება იყოს შეტანილი. მისივე თქმით, მერიიდან სანქციის გაუქმების შესახებ გია კორკოტაშვილს დაურეკეს, მიუხედავად იმისა, რომ განცხადება აქციის თაობაზე მას არ შეუტანია.”რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიგა ბოკერიამ წაუყენა ულტიმატუმი ხელისუფლებას, რომ თუ აღმაშენებლის გამზირზე ”ქართველთა მარშის” წარმომადგენლები ჩაატარებდნენ აქციას, მაშინ ის შეთანხმება, რაც მათ შორის იყო დაირღვეოდა. მე არ ვიცი რა შეთანხმება აქვთ მათ. კოჰაბიტირებულმა ხელისუფლებამ, ბოკერიასთან ერთად, იმოქმედა ისე, რომ გააუქმა სანქცია და პირდაპირ გამოგვიცხადეს, რომ ჩვენს აქციას დაარბევენ”, - განაცხადა ბრეგაძემ.მისივე თქმით, აქცია მაინც გაიმართება.”ჩვენ აუცილებლად გავმართავთ ამ აქციას და ხელისუფლება აუცილებლად მოაწყობს 7 ნოემბერს. აუცილებლად დაგვარბევენ, აუცილებლად დაგვაპატიმრებენ. ჩვენ მზად ვართ დაგვაპატიმრონ და დაგვარბიონ, რადგან ჩვენ ნაცჯალათებს არ გავატარებთ აღმაშენებლის გამზირზე”, - განაცხადა ბრეგაძემ.შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ დღეს აქცია-მსვლელობას, მოწოდებით - „არა რუსულ ფაშიზმს“ 20.00 საათზე გამართავს.