ნივთიერებათა ცვლის სრული ციკლი ნორმალურად რომ წარიმართოს, აუცილებელია, საკვების დაშლისა და ათვისების კვალდაკვალ ორგანიზმიდან განუწყვეტლივ გამოიდევნოს ნივთიერებათა ცვლის უვარგისი ნარჩენები. თუ ისინი ორგანიზმში ნებადართულზე მეტხანს დარჩა, უამრავ პათოლოგიურ პროცესს დაუდებს სათავეს. სწორედ ამ ნივთიერებათა გამოძევება აკისრია ძალზე რთული აგებულების გამომყოფ სისტემას. თირკმელი მხოლოდ კი არ ათავისუფლებს ორგანიზმს ნარჩენი პროდუქტებისგან, რომელთა უმეტესობა სიცოცხლისთვის სახიფათოა, არამედ მისი შინაგანი გარემოს მუდმივობასაც უზრუნველყოფს.
გამომყოფი სისტემის მეშვეობით ორგანიზმი თავის წიაღში დაგროვილ ზედმეტ მარილებს, მედიკამენტებს, საღებავებსა და სხვა უსარგებლო ნივთიერებებს იცილებს. საკვების გამოუყენებელი ნარჩენები ორგანიზმიდან ნაწლავების საშუალებით გამოიდევნება. რაც შეეხება სისხლს, მასში მუდმივად გადადის ნაწლავთა მიერ შეწოვილი თუ ქსოვილთა მეტაბოლიზმის დროს აუთვისებელი ნივთიერებები. სწორედ სისხლის გაწმენდას ემსახურება გამომყოფი სისტემა, რომლის ცენტრალური ორგანოც წყვილი თირკმელია. თირკმელებში გავლისას სისხლი იფილტრება. საჭირო ნივთიერებები მასშივე რჩება, უვარგისი კი გამოიდევნება. თირკმელებს სავსებით სამართლიანად უწოდებენ ორგანიზმის ბიოლოგიურ ფილტრს.