საჯარო სამსახურში, მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მიზნით, სერტიფიცირების ვალდებულება უქმდება იმ პირების მიმართ, რომლებსაც უმაღლესი განათლება გააჩნიათ ან ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით აქვთ ჩაბარებული. მოხელის სერტიფიკატი არის საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველისათვის აუცილებელი ზოგადი უნარებისა და ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც სერტიფიცირების წარმატებით გავლის შედეგად გაიცემა. ცვლილებების მიზეზად ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა სახელდება. პროექტით ასევე განისაზღვრება სერტიფიცირების ელექტრონულად ჩატარების ვალდებულება.