ევროპის საბჭო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს ეხმაურება და თავის საიტზე მოვლენების განვითარების ქრონოლოგიას აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჟურნალისტმა ხადიჟა ისმაილოვამ დაადასტურა, რომ მუხთარლი მისი სახლის ახლოს მდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ის ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, სცემეს. მუხთარლი სერიოზულად დაშავდა. მისმა ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს განუცხადა, რომ "ის ცემეს, მას ცხვირი გაუტეხეს, მას შესაძლოა ნეკნები დაზიანებული აქვს". ის აზერბაიჯანის საზღვარზე მანქანით, პასპორტის გარეშე გადაიყვანეს. აფგან მუხთარლის ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდაში და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. აზერბაიჯანის პოლიციის განცხადებით, მას თან ჰქონდა 10,000 ევრო. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.