ფრანგული გამოცემა Le Monde დონალდ ტრამპის მიერ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას ეხმაურება, რომელშიც აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. გამოცემამ სტატია, სათაურით "დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში" გამოაქვეყნა. "შორეული საქართველოს მოხსენიებამ 700-გვერდიან საკანონმდებლო დოკუმენტში შედარებით შეუმჩნევლად ჩაიარა. მოსკოვის გადმოსახედიდან ეს დოკუმენტი შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის მორიგი ნაბიჯი, რომელიც იმედებს უცრუებს მოსკოვს ვაშინგტონთან დაახლოებაში“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.
სტატიის თანახმად, დოკუმენტში, რომელშიც დეტალურად განსაზღვრულია აშშ-ის ფედერალური მთავრობის უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები, ნახსენებია „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია". შესაბამისად, საკანონმდებლო აქტით, რომელსაც ხელი 6 მაისს დონალდ ტრამპმა მოაწერა, აკრძალულია ყველა პროგრამების ან სახელმწიფოების დაფინანსება, რომლებიც ხელს უწყობენ ოკუპაციას ან არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.