სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ყულარის თემში კაშამ კარაევი დააკავეს.როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ კაშამ კარაევი საქართველოს მოქალაქე გიორგი კ.-ს და ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქე აშოკ კ.ს-ს დახმარებას დაჰპირდა 50 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტის ადგილწარმოშობის ცნობის დამზადებაში, სადაც მითითებული იქნებოდა ყალბი მონაცემები. აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ კაშამ კარაევმა ქრთამის სახით მოითხოვა 5 500 ლარი, საიდანაც 500 ლარი წინასწარ აიღო, ხოლო 5000 ლარი ცნობის გადაცემის დროს.