თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის და “ურბანული ლაბორატორიის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად 80-იან წლებთან შედარებით თბილისის მეტროპოლიტენში მგზავრთა რაოდენობა 36%-ით არის შემცირებული. კვლევა “თბილისის მეტროპოლიტენი – გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები” 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და იგი აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევის მიზანი მიწისზედა ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობის შემცირებაა, რომელიც ქალაქში საცობებს ქმნის და ალტერნატივად მეტროპოლიტენის შესაძლებლობების გაზრდაა. კვლევის ავტორები ქალაქის ხელისუფლებას რეკომენდაციებს სთავაზობენ, სადაც მეტროპოლიტენისა და ავტობუსების ქსელის ინტეგრაცია იგულისხმება. კერძოდ მეტროსადგურებთან მოეწყოს Park and Ride სისტემა, რაც სპეციალურ ავტოსადგომებს გულისხმობს, რითაც მოქალაქეთა მხრიდან მეტროპოლიტენით სარგებლობის მოთხოვნა გაიზრდება.