თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობის კონსტრუქციები აიღო. ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა. როგორც მერიაში აცხადებენ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. მათივე ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს ბაზრობებზე საქმიანობის გაგრძელება 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ შეუძლიათ.