ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება. პროექტი მთავრობის ინიციატივით განხორციელდება. გულუას ქუჩაზე ერთეული გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად ყველა სამინისტროს განთავსება იგეგმება. სამთავრობო ქალაქი ორთაჭალაში იმ ადგილის გვერდით აშენდება, სადაც ამ დროისთვის ბიზნეს სახლის პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. მთავრობის წევრების განმარტებით სამთავრობო ქალაქის აშენების მიზანი ხარჯების ოპტიმიზაცია და ქალაქში ტურისტულად მნიშვნელოვანი ობიექტების გამოთავისუფლება, შემდეგ კი ამ შენობების პრივატიზაციაა.ექსპერტები აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელებისთვის მთავრობამ შესაძლოა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადოს. თუმცა, სპეციალისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ დღეისათვის ქვეანაში არც ამ დონის პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და არც შესაბამისი რესურსია. ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ იდეის რეალობად ქცევა მთავრობას ძალიან გაუჭირდება.
სამთავრობო ქალაქის მშენებლობის იდეა მოსწონს ურბანისტ ნიკო კახეთელიძეს. სპეციალისტს მიაჩნია, რომ დღეს არსებული სამინისტროების ადგილმდებარეობა და დაგეგმარების სტრუქტურა ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, შესაბამისად მთავრობას ამ შენობების პრივატიზება არ გაუჭირდება. თუმცა ურბანისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ორთაჭალა როგორც ძველი უბანი საკმაოდ პრობლემური ტერიტორიაა და აქ მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება შესაძლოა რთული აღმოჩნდესორთაჭალაში ამ დროისთვის უკვე რამდენიმე სამთავრობო უწყებაა განთავსებული. მათ შორის ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები, ასევე პროკურატურა. ადგილმდებარეობის შეცვლა სავარაუდოდ მოუწევს ინფრასტრუქტურის, სასჯელაღსრულებისა და დევნილთა და განსახლების სამინისტროებს. ასევე თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.