"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა თბილისის მერიიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ისინი კარვების გაშლას გეგმავენ. როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს, ისინი მერიისგან მთავრობის ადმინისტრაციის წინ კარვების გაშლის ნებართვას ითხოვდნენ, თუმცა ამაზე პასუხი ვერ მიიღეს, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ კარვები მაინც გაშალონ.
მერიასთან გამართული აქციის პარალელურად დაზარალებულების წარმომადგენელმა და მათმა ადვოკატმა მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან შეხვედრა გამართეს.