პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა მუქარა - აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს, - ასე აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობასა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ხელოვნურად ხელშეშლაში დაადანაშაულა.ირაკლი კობახიძის შეფასებით, შეხვედრებით, რომელსაც პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან 10 მარტიდან იწყებს, ის ავლენს "ღრმა უპატივცემულობას პარლამენტის მიმართ", ასევე ერევა პარლამენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში.