ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა. ადგილობრივების ინფორმაციით, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. საზღვარი 1 დღე ცალმხრივად იყო გახსნილი იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩნენ, 6 მარტიდან კი ეს გადასასვლელები ორმხრივად ჩაიკეტება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს გმობს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დაკეტვას ეხმაურება. როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ გამყოფ ხაზზე ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასავლელების დაკეტვა აბსოლუტურად მიუღებელია, უხეშად არღვევს, კიდევ უფრო ზღუდავს და ამძიმებს გადაადგილების თავისუფლების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას.