"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებსა და პოლიციას შორის დღის ბოლოს დაპირისპირებაც მოხდა. მოვაჭრეები შენობაში შესვლას და საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. დაზარალებულები მათი კუთვნილი ნივთების დაკარგვის საშიშროებაზე საუბრობდნენ. ადგილზე ექსპერტებიც მუშაობდნენ რომლებიც შენობის უსაფრთხოების მდგომარეობას და იქიდან ნივთების უსაფრთხოდ გამოტანის შესაძლებლობას ადგენდნენ. უკვე ცნობილია, რომ „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის დემონტაჟი მოხდება. ვიცე მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა დაათვალიერეს. როდის დაიწყება შენობის დემონტაჟი, ჯერ უცნობია.