სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია. მთავარი არის ის, რომ ღვინისა თუ არყის მოყვარულები ხშირად ალკოჰოლურ სასმელს გაზიანსაც აყოლებენ. ეს კი ძალიან მავნებელია. საქმე ისაა, რომ ტკბილ და, საზოგადოდ, გაზიან სასმელებში შემავალი ნახშირორჟანგი ძლიერ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, შედეგად, ალკოჰოლი უფრო სწრაფად შეიწოვება და თრობაც ბევრად უფრო ადრე ვითარდება, ვიდრე მხოლოდ ალკოჰოლური სასმელის დალევისას.