საბჭოთა პერიოდში "მადონას" სერვიზის შესახებ ყველამ იცოდა. მოოქრული ჭურჭელი, რომელზეც ნახევრადშიშველი ლამაზმანები იყვნენ გამოსახულნი, ოჯახის პრესტიჟისა და კეთილდღეობის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენდა. "მადონაზე" ყველა დიასახლისი ოცნებობდა. გერმანული მაღალხარისხიანი ჭურჭლის შესახებ ინფორმაცია XVIII საუკუნიდანაა ცნობილი. გერმანელმა ოსტატებმა ისეთივე საუკეთესო ხარისხის ფაიფურის დამზადება ისწავლეს, როგორიც ჩინელმა ოსტატებმა იცოდნენ. გერმანული ფაიფურის ექსპორტს კი მრავალწლიანი ისტორია აქვს. გერმანული ფაიფურის მიმართ ინტერესი საბჭოთა ჯარების გერმანიაში შესვლის შემდეგ გაჩნდა. ომის შემდეგ პირველი, რაც გერმანელებმა აღდგინეს, Kahla -ის ფაბრიკა იყო. სწორედ აქ ამზადებდნენ საქვეყნოდ ცნობილ სერვიზს. გერმანიაში წარმოებული "მადონას" სამი მეოთხედი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იყიდებოდა.