უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენზე პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად სცნო. პროკურატურის საკასაციო სარჩელი, რომლითაც სახელმწიფო ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი და სააპელაციო სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებული გამამართლებელი განაჩენის შეცვლას ითხოვდა, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაუშვებლად სცნო. ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ზურაბ ჟვანიას საქმეზე, სასამართლო-სამედიცინო ექპერტის ლევან ჩაჩუას მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც ჩაჩუა გამართლდა. სახელმწიფო ბრალდება ლევან ჩაჩუას სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, მან ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების გამოკვლევისას გულგრილობა გამოიჩინა და სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა.