იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად 2015 წელს წარედგინა. მისი მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ქართული დამწერლობის სისტემური ევოლუციის შედეგად შექმნილი ანბანის სამი სახეობის ჰარმონიულ თანაარსებობას თანამედროვე რეალობაში. საგარეო უწყების ინფორმაციით კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კანდელაკმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა და შესაბამისმა ექსპერტებმა.