თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც თბილისის მერ დავით ნარმანიას უსმენენ, კიდევ ერთხელ შეწყდა. ამჯერად სხდომის შეწყვეტის მიზეზი "მწვანე მუშტის" წევრი ირაკლი კუპრაძე გახდა, რომელმაც საკრებულოს სიტყვის უფლება სთხოვა. კუპრაძე არასამთავრობო ორგანიზაციის ის წარმომადგენელია, რომლის მისამართითაც დედაქალაქის მერმა ორი დღის წინ გამონათქვამი "მაიმუნი, ვირიშვილი" გამოიყენა. "მე მეკუთვნის სიტყვის თქმა, მომეცით სიტყვა", - ითხოვდა სხდომათა დარბაზში მყოფი კუპრაძე, თუმცა, მას განცხადების გაკეთების საშუალება არ მიეცა და საბოლოოდ სხდომათა დარბაზიდან საერთოდ გააძევეს.