თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია ლოზუნგით - „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“, დაიწყო.
რამდენიმე წუთის წინ აქციაზე შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. ადგილზე დამონტაჟებულია სცენაც და მოქალაქეები სიტყვით გამოსვლებს ელოდებიან.
აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით რამდენიმე ლოკაციიდან მივიდნენ. მოქალაქეებმა მარში მოაწყვეს როგორც ავლაბრის მეტროს, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან და ორბელიანის მოედნიდან. მეტროსადგურ ავლაბრიდან და თსუ-ის პირველ კორპუსთან შეკრებილი მოქალაქეები ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე გაერთიანდნენ, რის შემდეგაც თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს.
მანამდე, აქციის მონაწილეებმა ადგილზე გაშალეს საქართველოსა და ევროკავშირის გიგანტური დროშები.
დღევანდელი აქცია ეძღვნება 2 წლის გასვლას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, 2028 წლის ბოლომდე დააპაუზოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.