თბილისში, დავით გამრეკელის ქუჩაზე, ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი დასრულდა. ძველი, ოთხსართულიანი შენობის ნაცვლად, ახალი რვასართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა, სადაც სრულად გარემონტებულ ბინებს 18 ოჯახი მიიღებს. ახალმოსახლეებს ბინების გასაღებები კახა კალაძემ გადასცა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნა და მათი ძველ სამეზობლოში დაბრუნებაა. პროგრამის ფარგლებში, მშენებლობის მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტი ოჯახებს დროებითი საცხოვრებლის ქირას სრულად უფინანსებს.
კალაძემ აღნიშნა, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლება დედაქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. მან ავარიულ შენობებში მცხოვრებლებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 6 მილიონი 700 ათასი ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ შეასრულა.