თურქული მედია - საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს - Palitra News

თურქული მედია - საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს

2026-11-27 12:34:26+04:00

საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გათავისუფლებულია, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეები საქართველოში თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტების დროს დაშავებული და საავადმყოფოში გადაყვანილი თურქეთის ორი მოქალაქე ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლების ზედამხედველობის ქვეშ გაწერეს.

შეგახსენებთ, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით, ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.