თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. ამით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სხდომას სამივე ბრალდებული ესწრებოდა. სამივე მათგანის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
საქმეს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი იხილავს.
ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.