პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი დაიბარა - Palitra News

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი დაიბარა

2026-11-24 21:18:57+04:00

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი დაიბარა. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

განცხადების თანახმად, რუსეთის ელჩის, გეორგი მიხნოს დაბარება პარასკევს, 20 ნოემბერს, ქვეყნის საჰაერო სივრცეში სამი რუსული ფრთოსანი რაკეტის შეჭრასთან დაკავშირებით მოხდა.

“პოლონეთმა კატეგორიულად დაგმო ბოლო თვეების განმავლობაში პოლონეთის საჰაერო სივრცის ბოლო დარღვევები, ამ შემთხვევაში სამი რუსული ფრთოსანი რაკეტის მიერ, რომლებიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენდნენ პოლონეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. პოლონეთი მტკიცედ მოითხოვს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის პოლონეთის მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას და საჰაერო კატასტროფის გამოწვევის რეალურ რისკს შეიცავს. ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის შემდგომი მცდელობები სრულიად მიუღებელია.

პოლონეთის ხელისუფლება ძალისხმევებს აგრძელებს, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში მოქმედებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი საზღვრის, მათ შორის პოლონეთის ცის, უსაფრთხოება. პოლონეთი მადლობას უხდის მოკავშირეებს მათი სოლიდარობისთვის და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად სწრაფი ქმედებისთვის.

პოლონეთი ასევე კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ მისი უკანონო აგრესია, რაც უზარმაზარ დანაკარგებს იწვევს, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში,” - ნათქვამია განცხადებაში.