პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომლის ამოქმედების შედეგად, სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს.
შესაბამისი ცვლილება „სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში განხორციელდა. პროექტი 72-ხმით ერთხმად - მესამე მოსმენით მიიღეს.
კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის მიხედვით, სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. მთავრობის განმარტებით, ცვლილებების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეფექტიანი ფუნქციონირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პოტენციალის ეფექტიანად ზრდას, ეკონომიკის განვითარებას და მეწარმეების მხარდაჭერას.
როგორც ინიციატივის განხილვის დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციები უფრო მეტად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არის დაკავშირებული, კონკრეტულად კი - საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოლიტიკის განხორციელების ფუნქციასთან. მისი თქმით, სწორი მიდგომაა, რომ სახელმწიფო კონტროლი შესაბამისმა სამინისტრომ განახორციელოს.